
მესამე წრის მატჩები უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის, თებერვლის პირველი კვირიდან განახლდება და მანამდე გუნდები მოსამზადებელ ციკლს გაივლიან. შეკრებამდე კი ბევრ საფეხბურთო კლუბში ცვლილებებიც განხორციელდა. „ბაიას“ ახლად დანიშნული კონსულტანტი სოსო ჭედია, გუნდის შეკრებამდე ერთი კვირით ფეხბურთელებს შეხვდა და იმ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა მათ მესამე წრისთვის უსახავს. პირველი და მთავარი ამოცანაა, გუნდმა გასავრდნ ზონას თავი დააღწიოს და მიმდინარე სეზონს, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.
ცვლილებებია სასტარტო შემადგენლობაში. მესამე წრიდან „ბაიას“ შემადგენლობაში ითამაშებენ მეკარე გიორგი სომხიშვილი, გიორგი კვესეიშვილი, ამირან ყველაშვილი და ზაზა სახოკია. სელექცია ამით არ შეწყვეტილა და საუბარია რამდენიმე ფეხბურთელის აყვანაზეც, თუმცა ეს მომავალი კვირიდან გაირკვევა, როცა „ბაია“ ვარჯიშებს შეუდგება. გუნდი კი 5 იანვარს საკუთარ ბაზაზე შეიკრიბება, რის შემდეგაც ორ კვირიან შეკრებას ურეკში გაივლის. შეკრებამდე ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გადიან.
სოსო ჭედია „ბაიას“ კონსულტანტი: „დღეს და ხვალ ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 5 იანვარს ბაზაზე შევიკრიბებით და დილის 11 საათიდან ვარჯიშს დავიწყებთ. დაახლოებით 5–6 დღე ვივარჯიშებთ ზუგდიდში, რის შემდეგაც შეკრებას ურეკში გავაგრძელებთ. ზღვისპირეთში ორკვირიანი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც ამხანაგურ მატჩებსაც გავმართავთ. აქ კი ნათლად დავინახავთ ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობას ამ ეტაპზე.
საგაზაფხულო სეზონის დაწყებამდე არც თუ დიდი დრო არის დარჩენილი და მოგვიწევს მაქსიმუმის გაკეთება, რათა ნორმალურად მომზადებული შევხვდეთ მესამე წრეს და ყველანი ერთად გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან. რასაკვირველია ვგულისხმობ „ბაიას“ სატურნირო მდგომარეობას და ეს ძალიან მაღელვებს. ფეხბურთელებსაც ვესაუბრე და მინდა გავიმეორო, რომ მსგავს პირობებში, რაშიც ჩვენი გუნდი იმყოფება რატომ უნდა იყოს ბოლოდან მეორე ადგილზე? ამიტომ გუნდის პროგრამა მაქსიმუმია, თამაში და შედეგი. საქართველოში როცა ჩამოვედი, ვნახე „ბაიას“ მიერ ჩატარებული რამდენიმე შეხვედრა. გუნდი აბსოლუტურად ტოვებდა ყველა თამაშში კარგ შთაბეჭდილებას და მაინც აგებდა. ალბათ გამოუცდელობის ბრალი იყო, რომ ბოლომდე ვერ ასრულებდნენ ფეხბურთელები დავალებას. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. „ბაია“ სამომავლო გუნდია და ეს ნამდვილად შორეული პერსპექტივა არაა“.

No comments:
Post a Comment