`ტორპედო2008`-მ კი რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და როგორც, ჩანს, არც თუ სუსტი შემადგენლობით, განაგრძობს უმაღლეს ლიგაში გადმოსვლისთვის ბრძოლას.
`ტორპედო2008` გასული წლის ივლისში დაარსდა. ახალ კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს ძველ `ტორპედოსთან`.
ქალაქი რომ უგუნდოდ არ დარჩენილიყო, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით შეიქმნა `ტორპედო2008` და სწორედ ქალაქი ინახავს საფეხბურთო გუნდს.
`ტორპედო2008`-მ პირველი ლიგის, პირველი წრე პირველ ადგილზე ჩაამთავრა და სავარაუდოდ, მომავალ წელს, უმაღლეს ლიგაში გადმობარგდება.
რა სიტუაციაა გუნდში და აპირებენ თუ არა გაძლიერებას?
ზვიად ჩხეტიანი ქუთაისის `ტორპედო2008`-ში `ლოკომოტივიდან` მას შემდეგ გადავიდა, რაც კლუბმა ფეხბურთელების შენახვა ვეღარ შეძლო და ძირითადი ბირთვი გაუშვა.
ინტერვიუ ზვიად ჩხეტიანთან
- რა სიტუაციაა გუნდში, აპირებთ თუ არა შეკრებას ზამთარში?
- გუნდში კარგი ატმოსფეროა. წავალთ თუ არა შეკრებაზე, ეს რამდენიმე დღეში გადაწყდება. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის მერი შეიცვალა და ახალი დაინიშნა, წინა მერი ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა. ჩვენ ქალაქის ბიუჯეტით ვარსებობთ. თუ ახალი მერი გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს ჩვენი დაფინანსება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
- თუ აპირებთ გაძლიერებას და ვის დამატებას აპირებთ, თუა ცნობილი?
- ცენტრალური ნახევარცმველისა და თავდამსხმელის შეძენა სურთ კლუბში, თუ ვინ ჰყავთ მიზანში, ეს ჯერ-ჯერობით არ ვიცით ჩვენ.
- სტადიონის რეკონსტრუქცია ესწრება მომავალი წლისთვის? დაიწყო თუ არა სამუშაოები და რა ეტაპზეა ამ დროისთვის?
- სამუშაოები დაწყებულია, თითქმის ძველი ყველაფერი აღებულია, ტრიბუნებიც მოწესრიგდება, ქუთაისში ძალიან უყვართ ფეხბურთი და სტადიონი აუცილებელია. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ფეხბურთი, დაგვპირდა, რომ გვექნება ახალი სტადიონი და იმედია, ასეც იქნება.
- გუნდმა პირველ ადგილზე ჩაამთავრა პირველი წრე, შეინარჩუნებთ ლიდერობას?
- აუცილებლად, შევინარჩუნებთ და აუცილებლად გადმოვალთ უმაღლეს ლიგაში.
- და რა იქნება თქვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში, ადგილის შენარჩუნება თუ ბრძოლა მაღალი ადგილებისთვის?
- ჩვენ შევიკრიბეთ თუ არა, ყველა ფეხბურთელმა თქვა ის, რომ მთავარი არ არის მარტო უმაღლეს ლიგაში მოხვედრა. ყველა ჩვენგანი იბრძოლებს საპრიზო ადგილისთვის.
- ქუთაისს ერთ დროს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. `ტორპედო` თვით `დინამოსაც` კი ამარცხებდა. ხომ არ გგონიათ, რომ ძველი `ტორპედოს` სახელის ჩრდილქვეშ მოექცევით?
- გულშემატკივრებისთვის სწორედ იმ გუნდთან ვასოცირდებით, ამიტომ ჩვენ არ შევარცხვენთ ამ სახელს და ვიბრძოლებთ ბოლომდე.

No comments:
Post a Comment