
ისრაელის ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი ჰაიფას �მაქაბი� მე-13 ადგილოსან რამათ განის �ჰაპოელს� ეწვია და 5:0 გაანადგურა. ელიშა ლევის გუნდი, რომლის ასისტენტიც ქართველი გიორგი დარასელიაა, ბრწყინვალედ თამაშობს - 18 თამაშიდან 17 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი, ბურთების ფანტასტიკური შეფარდებით - 43:8. �მაქაბი� კონკურენტებს ახლოსაც არ იკარებს. ლადო დვალიშვილმა მატჩის მე-10 და მე-40 წუთებზე გამოიჩინა თავი, ერთი საგოლე პასიც მიითვალა (მე-7 წუთი) და 62-ე წუთზე ვალმოხდილმა დატოვა სტადიონ �ვინტერის� მოედანი. თავიდან ლადომ მარცხენა მცველ რაფაელოვს გაატანინა, სამ წუთში კი თავად გაიტანა, რაფაელოვის წამოწყებული კომბინაცია სამხრეთაფრიკელმა მასისელამ გააგრძელა და ქართველმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, მეორე გოლის გატანის წინ ჩვენებურმა ხელიდან გაუშვა ბრწყინვალე შანსი, ამიტომ როცა მან კოჰენის დარტყმულს დაამატა, აცილების უფლება აღარ ჰქონდა. ლადოს და თელ ავივის �ჰაპოელის� შემტევ ეტეი შეხტერს 13-13 გოლი აქვთ გატანილი, მათ მხოლოდ ქართველის მეწყვილე შლომი არბეიტმანი (15 გოლი) უსწრებს. დვალიშვილმა ჩემპიონატში 8 საგოლე პასი მიითვალა.
სამი ტურის განმავლობაში ზედიზედ სამი დუბლი ჰაიფას �მაქაბის� ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გაუხერხებია - ეს კლუბისა და ებრაული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდა ზაჰი არმელიმ შეძლო 1987-88 წლების სეზონში. არმელიმ 179 მატჩში �მაქაბის� მაისურით 90 გოლი გაიტანა, ლადოს ანგარიშზე ლიგატ ჰა'ალში 18 თამაშში გატანილი 13 გოლია. სხვათა შორის, 1986 წელს ზაჰი ოფიციალურად მიიწვია ტურინის �იუვენტუსმა�, მაგრამ ჰაიფელთა ხელმძღვანელობამ ბომბარდირს მიწვევა დაუმალა, არმელიმ მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიგო ამის შესახებ. იმედია, ახლა კლუბში ვითარება შეიცვალა და ლადოს რომელიმე ევროპული გრანდის მიწვევას არ დაუმალავენ...

No comments:
Post a Comment