
ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდით, რომ ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი თემურ ქეცბაია იანვარში ანთალიაში აპირებდა ჩასვლას. რა თქმა უნდა, თურქეთსი მისი ვიზიტი სამსახურეობრივი მნიშვნელობისაა და ამ მხრიც არც არაფერი შეცვლილა. ქეცბაია, რომელიც უკვე 18 დღეა, რაც ოფიციალურად ეროვნული ნაკრების თავკაცია, უკვე ანთალიაშია. ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე თათია ბურდულმაც დაგვიდასტურა.
ქეცბაია თურქეთში ქართველი ლეგიონერების კლუბების ამხანაგურ მატჩებს დააკვირდება. ეროვნულის მთავარ მწვრთნელს სურს უცხოურ გუნდებში მოასპარეზე ჩვენს ფეხბურთელებს, საკონტროლო მატჩებში დააკვირდეს და მათზე მეტი წარმოდგენა შეექმნას. როგორც გავიგეთ ქეცბაიას, რამდენიმე ჩვენს ლეგიონერებთან საუბარიც ექნება.
ქეცბაია კვირაზე მეტხანს დაჰყოფს ანთალიაში. შემდეგ ეროვნული გუნდის თავკაცი თურქეთიდან თბილისში დაბრუნდება, სამშობლოში რამდენიმე დღეს გაჩერდება და ისევ კვიპროსზე გაემგზავრება. მოგეხსენებათ, 7 თებერვალს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ბუნებრივია, მას ქეცბაიაც დაესწრება. თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ ნაკრების ახალი თავკაცი ესტონეთთან 3 მარტის სადებიუტო ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულთა შემადგენლობას დაასახელებს.

No comments:
Post a Comment