
ოლიმპი-სიმურგი 1:1
23 იანვარი. რუსთავი. ფოლადი.
200 მაყურებელი
1:0 კვარაცხელია (63), 1:1 პირიშიჩი (83)
ოლიმპი: ჭანტურია - ა. გილაური, ელოხი, კვარაცხელია, ხუბუა - ჭედია, იმედაშვილი, პ. დათუნაიშვილი, დობროვოლსკი, ოლუჩე - ჯიქია. შეცვლაზე ითამაშეს: მაჭავარიანი, ხიდეშელი, იკეჩუკვუ, სვანიძე.
შაბათს რუსთავის �ოლიმპმა� მეხუთე საკონტროლო შეხვედრა გამართა - ამჯერად, საქართველოს პირველობის ლიდერი აზერბაიჯანის პირველობის ლიდერთა ექვსეულში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ზაქათალის �სიმურგს� დაუპირისპირდა.
თემურ მახარაძისა და რომან პოკორას გაწვრთნილი გუნდების შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ და ხისტ ორთაბრძოლებში ჩაიარა. პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას ვერც ერთი კლუბი ვერ დაეუფლა. თუმცა, �ოლიმპმა� მეტი სახიფათო მომენტი შექმნა. ასე მაგალითად, 7-ე წუთზე ფლანგზე რუსთაველთა შეტევის განვითარებას აქვსენტი გილაური ცდილობდა, მაგრამ ჩაწოდების ნაცვლად, კარში დარტყმა გამოუვიდა და სტუმრები ხარიხამ იხსნა.
23-ე წუთზე �სიმურგის� კარის აღებას დენის დობროვოლსკი ცდილობდა, მაგრამ სტუმართა მცველი ბურთს გადაეღობა და ვითარება განმუხტა.
31-ე წუთზე ძალიან კარგად ითამაშა ნიგერიელმა მარცხენა ნახევარმცველმა ოლუჩემ, რომელმაც ვითარება დროულად და ზუსტად შეაფასა, ბურთი მარცხენა ფლანგზე გელა ხუბუას გადააწოდა, მან კი საჯარიმოში რეზო ჯიქიასკენ გაგზავნა, მაგრამ შეტევა ზაქათალელთა მცველმა შეაჩერა.
33-ე წუთზე სწრაფი შეტევა ისევ ოლუჩემ წამოიწყო, რომლის შედეგად ჯიქია მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ �ოლიმპის� თავდამსხმელი საჯარიმოს ხაზთან სტუმართა უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ მალიგინმა უხეშად მოცელა - მთავარმა არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა �სიმურგის� კაპიტანს მოედანი დაატოვებინა. ამის მიუხედავად, არბიტრი ამხანაგურ შეხვედრაში სიმკაცრეს მოერიდა და აზერბაიჯანელებს სხვა ფეხბურთელის გამოყვანის უფლება მისცა.
მალიგინის გაძევების მერე დანიშნული ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა ავქსენტი გილაურმა, მაგრამ სტუმართა მეკარემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
საერთოდ, ამ გუნდების საკონტროლო შეხვედრები ყოველთვის უხეშობით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. მეორე ტაიმში კი მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს, ცუდად დაეცა გილაური და მოედანი დატოვა. ის რამდენიმე წუთი გათიშული იყო, მალე გონზე მოიყვანეს, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, რუსთაველები ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის ტრავმამ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო - გილაურს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
პირველ ტაიმში �სიმურგის� ცენტრალურმა ნახევარმცველმა რუსლან ჰუნჩაკმა ლამის სერიოზული ტრავმა მიაყენა რუსთაველთა ერთ-ერთ ლიდერ დავით იმედაშვილს, რომელმაც დათომ მოედანი მცირე ხნით დატოვა, თუმცა ექიმების ჩარევის შემდეგ თამაში გააგრძელა. ამ ეპიზოდს პატარა შეხლა-შემოხლაც მოყვა, თუმცა სიტუაცია გართულების გარეშე ჩაწყნარდა.
38-ე წუთზე �სიმურგმა� პირველი სახიფათო შეტევა წამოიწყო, მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებულ კომბინაციას სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ გია ჭანტურიამ თავისიანები გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დობროვოლსკიმ ეფექტური ჩანაფიქრი ვერ განახორციელა - მოედნის ცენტრიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა, დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.
63-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიში გახსნეს: საჯარიმო გილაურმა შეასრულა, მეკარის საჯარიმოსთან ყველას გია კვარაცხელიამ დაასწრო და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 1:0. კვარაცხელიას დაცვის ცენტრში გადაყვანა ექსპერიმენტი აღარაა, მახარაძემ მისი უკან დახევა საბოლოოდ გადაწყვიტა და უნდა ითქვას, რომ გია ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, დაცვას ალაგებს და უნარიანად ხელმძღვანელობს. რაც მთავარია, ძალიან საიმედოდ გამოიყურება.
შესვენებაზე �სიმურგის� პრეზიდენტმა ზაურ მამედოვმა თქვა, მეორე ტაიმში ანგარიშს ჩხეტიანის გადაცემით გავათანაბრებთო და ასეც მოხდა: სტუმრებმა ანგარიში მატჩის ბოლოს გაათანაბრეს - გასინჯვაზე მყოფმა სერბმა ფორვარდმა პირიშიჩმა მარჯვენა ფლანგიდან კახა ჩხეტიანის გადაცემა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.
�ოლიმპის� მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ მეორე ტაიმში ნიგერიელი თავდამსხმელი ჩარლზ ობი იკეჩუკვუ გასინჯა. იკეჩუკვუმ 66-ე წუთზე ლამაზი მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში კარში დარტყმა ვერ მოასწრო, თავისიანს გადააწოდა და შეტევა ჩაშალა. ტანმაღალმა და ათლეტურმა ნიგერიელმა მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, სისწრაფე ვერ გამოავლინა, რადგან ორი დღის ნამგზავრები გახლდათ და როგორც გვითხრა, კუნთები სტკიოდა. თუმცა, რამდენიმე ეპიზოდში საინტერესო თვისებები გამოავლინა, შეტევა აზრიანად და სწრაფად გააგრძელა და კარგადაც იხსნებოდა.
თემურ მახარაძე, �ოლიმპის� მთავარი მწვრთნელი: �საერთოდ, ფეხბურთელზე ერთი შეხვედრით ვერ ვიმსჯელებ და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას მოვერიდები. ისიც გავითვალისწინე, რომ ერთი დღე-ღამე მგზავრობდნენ და გუნდთან არც უვარჯიშიათ. ჩამოსვლისთანავე დავაყენეთ და დაღლილობა ეტყობოდათ. ასეთ მდგომარეობაში თავს ვარსკვლავიც ვერ გამოიჩენს. არადა, ეპიზოდებში საინტერესო თვისებები გამოავლინეს. თბილისის �ლოკომოტივთან� კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ, ვარჯიშებზე კიდევ დავაკვირდები და გადაწყვეტილებას მივიღებ. უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, დიდი დატვირთვებით ვვარჯიშობთ და ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ბიჭები ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ... �პასის მიმცემის� პრობლემა გვაქვს? მართალი ხართ. დღე-დღეზე ველოდებით აკინოს, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ის და ფრაგა მალე შემოგვიერთდებიან და ფორმის აღდგენა ფორსმაჟორულ რეჟიმში მოუწევთ�.
ზაქათალელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძე ვიხილეთ, რომლის დაბრუნებაც �ოლიმპს� სურს, თავად ღონღაძესაც სურდა წამოსვლა, რადგან ნაკრებში თამაშზე ფიქრობს. აზერბაიჯანში წასულს კი ძველებურ ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა, კლუბთან კონტრაქტი წელიწადნახევარში უმთავრდება და �სიმურგი� არ უშვებს. სტუმართა რიგებში შეცვლაზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ კახა ჩხეტიანი, რომან ახალკაცი და დავით ბოლქვაძე. ეს არ ნიშნავს, რომ მათ მწვრთნელი აღარ ენდობა - სტუმართა რიგებში, უმთავრესად, გასასინჯი ფეხბურთელები ვიხილეთ.
რომან პოკორა, �სიმურგის� მთავარი მწვრთნელი: �რამდენი წელია, �ოლიმპს� ვხვდებით და აშკარაა, რომ ორივე კლუბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს სერიოზული ორთაბრძოლა ვიხილეთ და შედეგი ლოგიკურია. ვნახე �დინამო�, �ვიტ ჯორჯია� და ვფიქრობ, ასეთი თამაშით ჩემპიონი �ოლიმპი� უნდა გახდეს�.
ზაურ მამედოვი, �სიმურგის� პრეზიდენტი: �აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე იზრდება. �ოლიმპიც� მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ლოგიკურიცაა, ასეთი მაღალი დონის თამაში რომ ვიხილეთ. ქართველ ფეხბურთელებთან განსაკუთრებული პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ. ეს თვისება წარმატების უპირველესი გარანტიაა. ვფიქრობ, ამ პასუხისმგებლობას ყველა კარგად გააცნობიერებს და საქმეს მეტი მონდომებით მოეკიდება. მაინც გამოვარჩევდი დათო ბოლქვაძეს, რომელმაც იცის თამაში და ჟინიც აქვს. თუმცა, ვიმეორებ - ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კახა ჩხეტიანიც - ჩემპიონატში �სიმურგის� გატანილი გოლების 99 პროცენტი მისი გადაცემების შედეგად გავიდა�.
დაბოლოს, მართალია, რუსთაველებმა საკონტროლო შეხვედრების სერიალის დასრულება �სიმურგთან� მატჩით დაგეგმეს, მაგრამ გეგმა აფრიკელთა გასასინჯად შეიცვალა: მეექვსე საკონტროლო მატჩს �ოლიმპი� 26 იანვარს თბილისის �ლოკომოტივთან�, კვლავ საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს.

No comments:
Post a Comment