
ნალჩიკის �სპარტაკის� მცველი რუსეთის პრემიერლიგის განვლილ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო... და არა მარტო გუნდში, არამედ საერთოდ - პრემიერლიგის მცველებს შორის. მან ყველა შეხვედრა ჩაატარა და სიმბოლურ ნაკრებშიც ხშირად ხვდებოდა. �სპორტ-ექსპრესი� ნალჩიკელთა ქართველ მცველს ანთალიურ შეკრებაზე გაესაუბრა.
რატომ არ მიდის �რუბინში�, რატომ დატოვა კიევის �დინამო� და რას მიიჩნევს მცველის მთავარ ღირსებად... ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ალექსანდრე ამისულაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- უპირველესად, თქვენს მომვალზე უნდა გკითხოთ. ამბობენ, ამისულაშვილს ყაზანის �რუბინში� ელიანო�...
- ნალჩიკის �სპარტაკთან� მოქმედი კონტრაქტი მაქვს და მინდა ამ კლუბში ხელშეკრულების ეს ვადა ამოვწურო. ასე რომ, მინიმუმ ზაფხულამდე ნალჩიკის �სპარტაკში� ვიქნები.
- ამ ზამთარს თქვენი გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. არ გაღელვებთ ის, რომ შესაძლოა აუტსაიდერთა შორის იყოს?
- გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და არა მგონია აუტსაიდერთა შორის აღმოვჩნდეთ. ვინც ახლა ჩვენთან ერთად არაა მოსამზადებელ შეკრებაზე, მოგვიანებით ალბათ შემოგვიერთდება კიდეც.
- ალბათ გასული 2009 წლის სეზონი რუსეთის პრემიერლიგაში თქვენთვის საუკეთესო იყო. ყველა, 30-ივე მატჩში შეუცვლელად ითამაშეთ. ცენტრალური მცველი ხართ, მაგრამ 3 გოლი გაიტანეთ და მხოლოდ 3 ყვითელი ბარათი მიიღეთ. გარდა ამისა, ხშირად გასახელებდნენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ეს ჩინებული შედეგებია. თქვენც ასე ფიქრობთ?
- დიახ, დაგეთანხმებით. გასულ სეზონში მართლაც სტაბილურად ვთამაშობდი და კარგად წარმოვჩნდი.
- თქვენგან განსხვავებით ნალჩიკის �სპარტაკი� კარგად ვერ წარმოჩნდა. გუნდს პრემიერლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრა, მაგრამ მეორე წრეში ჩინებულად იასპარეზა. შეიძლება ითქვას, რომ ნალჩიკელებმა მეორე წრეში სასწაული მოახდინეს...
- შესაძლოა ასეც ითქვას, გავარდნის საფრთხე დაგვემუქრა და მიზანი ერთი იყო, ლიგაში დასარჩენად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. რაც შევძელით გავაკეთეთ და პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ.
- თქვენს გუნდს წელსაც მძიმე სეზონს უწინასწარმეტყველებენ...
- ჩვენ გეგმის მიხედვით ვემზადებით. წყანარად ვაგრძელებთ მზადებას და გვინდა ახალი სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
- გასულ სეზონში გატანილი სამი გოლით მცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდით. მცველ მეგოლეებში პირველ ადგილზე თქვენი თანაკლუბელი ვლადიმირ კისენკოვი გავიდა. თუმცა, თქვენგან განსხვავებით, მას დაცვის გარდა საყრდენ ნახევარმცველადაც უწევდა თამაში. მაინც რა უნდა იცოდეს მცველმა, რომ ხშირად გაჰქონდეს გოლები... და კიდევ ერთი, რატომაა, რომ ნალჩიკის �სპარტაკში� მცველები ასეთი შედეგიანები არიან?
- დაცვაში თამაშისას სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედო. მცველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ მის კართან სახიფათო ვითარება არ შეიქმნას... და თუ მაინც მეტოქე შექმნის საგოლე მომენტს, მაშინ უნდა შეეცადოს შექმნილი ვითარება უნდა განმუხტოს. რაც სეეხება გატანილ გოლებს, �სტანდარტულებისას� მეტოქის საჯარიმოში ჩავდიოდი ხოლმე თანაგუნდელთა დასახმარებლად და მაღალ ბურთზე თავით ვცდილობდი ყველასათვის დამესწრო დარტყმა. ზოგჯერ ეს კარგად გამომდიოდა და გოლებიც გამქონდა... საერთოდ კი, ჩვენ შეტევის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მათ შორის ისეთიც, როცა უშუალოდ მცველები იწყებენ და ამთავრებენ შეტევას. მაგალითად, კისენკოვს კარგი დარტყმა აქვს, მაგრამ მცველის თამაში შეფასების მთავარი კრიტერიუმი უკანა ხაზზე საიმედო თამაშია. ჩემს თამაშს საიმედოდ აფასებდნენ და ალბათ ამიტომაც ხშირად ვიყავი ხოლმე სიმბოლურ ნაკრებში. მცველისთვის მთავარი დაცვაში საიმედო თამაშია, გოლი ეს მხოლოდ ბონუსია.
- ნალჩიკის �სპარტაკში� ერთ-ერთი სტაჟიანი ფეხბურთელი ხართ. ყველაფერი მოგწონთ ამ გუნდში ამდენ ხანს რომ არ იცვლით მისამართს?
- ჩვენს გუნდში ფეხბურთელებს შორის ჩინებული ურთიერთობაა. მთლიანად კლუბში ჯანსაღი ატმოსფეროა შექმნილი. მართალი გითხრათ, თავდაპირველად არ ვფიქრობდი, რომ ამდენ ხანს დავრჩებოდი �სპარტაკში�, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე ამ გუნდში ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს კოლექტივში თბილი და მეგობრული ურთიერთობებია.
- ალბათ ძნელია ყოველწლიურად ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა...
- იოლი ნამდვილად არაა, მაგრამ ნალჩიკის �სპარტაკში� ყოფნით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ფავორიტ გუნდში, კიევის �დინამოშიც� ვიყავი, მაგრამ ნალჩიკისგან განსხვავებით იქ თამაშის შანსი ფაქტობრივად არ მეძლეოდა.
- ამიტომაც დატოვეთ უკრაინული �დინამო�?
- დიახ, აშკარა იყო, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. თამაში მინდოდა, კიევში კი ამისი საშუალება არ მეძლეოდა და გადავწყვიტე სხვა გუნდში მომესინჯა ძალები. რუსეთში კი მწვრთნელები მენდნენ და გავამართლე კიდეც.
- კიევის �დინამოს� არაერთ ყოფილი ფეხბურთელი დღეს რუსეთში თამაშობს. თქვენ გარდა, მარცვალაძე, ალადაშვილი... ასათიანი კიევიდან ისევ მოსკოვის �ლოკომოტივში� დაბრუნდა. რატომ ხდება ისე, რომ კიეველებს საქართველოდან მიჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც არ უწევთ თამაში, მერე რუსეთში მიდიან და სტაბილურად ასპარეზობენ...
- თავის დროზე კახა კალაძემ კიევის �დინამოში� ჩინებულად ითამაშა და �მილანში� თამაში დაიმსახურა. კალაძის დამსახურებაა, რომ ქართველი ფეხბურთელებისადმი კიეველებს და საერთოდ უკრაინულ კლუბებს დიდი ინტერესი აქვთ.
- რუსეთში პირველად �შინიკში� გამოჩდნით. ამ კლუბში როგორ აღმოჩნდით?
- მართალი გითხრათ, იმ პერიოდში �სატურნში� უნდა გადავსულიყავი, მაგრამ სავიზო პრობლემამ შემიშალა ხელი. �შინიკი� ამ პრობლემის მოგვარებას დამპირდა, დავთანხმდი. იაროსლავლელებმა სავიზო პრობლემა მომიგვარეს და კონტრაქტიც მათთან გავაფორმე... მერე კი �შინიკიდან� ნალჩიკის �სპარტაკში� გადავედი.
- რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ამ ქვეყნებს შორის ფრენის გაუქმება ალბათ თქვენც გაფერხებთ...
- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცალკე საფიქრალია. არა და ნალჩიკიდან თბილისამდე მხოლოდ 250 კილომეტრია, ნორმალურ პირობებში ავტომანქანითაც შეიძლება მგზავრობა, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. შვებულებისას ვფიქრობ ხოლმე, თუ როგორ ჩავიდე თბილისში, ნალჩიკიდან სამშობლომდე ხან მოსკოვის, ხან კიევის და ხანაც ერევნის გავლით მივფრინავ ხოლმე.

No comments:
Post a Comment