
�გაგრა� სეზონის განახლებისთვის მზადებას 35-ე საფეხბურთო სკოლის კუთვნილ გარემონტებულ �მარაკანაზე� აგრძელებს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტ გოდერძი ჩიხრაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო სიახლეებია, ამდენად, მეორე ეტაპს �გაგრა� მინიმალური ცვლილებებით ხვდებიან.
- დავიმატეთ ნახევარმცველი გიორგი გულორდავა, რომელმაც �მგლებში� გამოიჩინა თავი, მაგრამ ბოლოს აღარ ჩანდა. ბოლნისის �სიონიდან� ნიჭიერი ირაკლი კიკნაძე მოვიყვანეთ. წასულების ვინაობა კი უკვე ცნობილია - ხუთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა.
- ფაქტობრივად, კლუბი არ გაძლიერებულა და ასე უმაღლესში ადგილის შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ?
- ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კარანაძე იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ შემადგენლობით უმაღლესში დარჩენას მოვახერხებთ.
- ფაქტია, რომ პირველ ეტაპზე ამ შემადგენლობით გაგიჭირდათ. ძალიან დიდი ხომ არ არის რისკი?
- მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვიყენეთ. ალბათ, მაქსიმუმ 2 მოთამაშე თუ დაგვემატება. ისიც კარგად გვესმის, რომ გამოცდილ ფეხბურთელს დიდი როლი აკისრიათ. თუმცა ასეთი შემადგენლობა რომ გვყოლოდა, ჩვენ ვერ აღმოვაჩენდით თორნიკე ოქრიაშვილს, რომლისთვისაც სულ ერთია, ვის წინააღმდეგ თამაშობს. ნიჭიერი და თამამი ბიჭია, თითქოს მასზე არაფერი მოქმედებს... შარშან �ოლიმპში� მამუკა ფანცულაიას ერთ ფეხბურთელს რომ ვაკვირდებოდით, ოქრიაშვილი მაშინ ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა. ახალგაზრდების აღმოჩენა და დაწინაურება ჩვენი დუბლების მთავარ მწვრთნელ თემურ ჩხაიძეს ევალება, რომელსაც ამის მშვენიერი ალღო გააჩნია. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, თემურის 55 წლის იუბილემ საფეხბურთო სამყარომ ასე ჩუმად რომ გაატარა. 20-ე საუკუნეში �გურიის� საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მთელი 16 წლის განმავლობაში კაპიტნობდა გუნდს... გვეგონა, მის იუბილეს აღნიშნავდნენ, მაგრამ - არაფერი მსგავსი. ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და დაბადების დღეს �გაგრის� სახელით მაინც მივულოცავ.
- მუხრანის ბაზაზე რატომ არ ვარჯიშობთ?
- იმიტომ, რომ არჩილ არველაძემ და გოჩა ავსაჯანიშვილმა �მარაკანა� უსასყიდლოდ დაგვითმეს. ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. სტადიონი ისე კარგად გააკეთეს, გაოცებული დავრჩი. მეხუთე თაობის ხალიჩა დააგეს, გეგმაში აქვთ 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, მსაჯთა ოთახების, გასახდელების, საცურაო აუზისა და 4-სართულიანი სასტუმროს აშენებაც. შუა თბილისში ძალიან კარგ სპორტულ ბაზას აშენებენ. ბოლო დროს, ფეხბურთს იმდენი სტადიონი და მოედანი წაართვეს, კლუბებს პრობლემები გვექმნება. �ლოკომოტივის� ბაზაზე ჩვენი დუბლები და ასაკობრივი გუნდები ვარჯიშობდნენ და მორაგბეებს გადასცეს. არადა, მანამდე ბაზის დირექტორი დევნილთა გუნდს ყველანაირად ხელს გვეხმარებოდა. რაგბის გადასცეს �შევარდენი�, �სინათლე�, �ლოკომოტივის� ბაზა და სათადარიგო მოედანი, ვარკეთილის მეურნეობის სტადიონი და რაღა დაგვრჩა? ეროვნული სტადიონი, სადაც კლუბები, ფაქტობრივად, ვერ შევდივართ და �ლოკომოტივი�, რომელიც სათამაშოდ უვარგისია. და როგორ უნდა განხორციელდეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა? - რაჭაში, სვანეთსა და კოჯორ-კიკეთის ტყეებში? ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურს ამის შეხსენება ჩვენგან არ სჭირდებათ და იმედია, ამ პროცესის შეჩერებას მოახერხებენ - ისტორიულ საფეხბურთო სტადიონებსა და ბაზებს არ უნდა ეხებოდნენ. სხვაგვარად, ქართული ფეხბურთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
- კარგით, ცვლილებებს მივუბრუნდეთ: ყველა ქართული კლუბი ერთი-ორ აფრიკელს მაინც აკვირდება, მაგრამ თქვენ რეკორდი დაამყარეთ და გაბონიდან მთელი გუნდი ჩამოგყავთ.
- მაისში �გაგრამ� დააარსა საკუთარი სააგენტო, რომელიც იაფფასიან ბაზრებზე ფეხბურთელების მოძიებითაა დაკავებული. ახლახან ამ სააგენტოს შუამავლობით, გაბონიდან დაგვიკავშირდა გუნდის ხელმძღვანელობა და კავშირების დამყარებაში დახმარება გვთხოვა. იციან, რომ საქართველოში გაბონის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, თან საკმაოდ წარმატებითაც და, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, აქაური კლუბები ტრამპლინად გამოიყენეს. ჩვენ ყველა საკითხი მოვუგვარეთ - სად დაბინავდებიან, სად მოემზადებიან, ეს ყველაფერი უკვე გარკვეულია. სტუმრებიც �მარაკანას� სტადიონზე ივარჯიშებენ და სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. მეტოქეთა ნაწილი უკვე შევურჩიეთ.
- გაბონელები ვის შეხვდებიან?
- 13 იანვარს ბოლნისის �სიონს�, შემდეგ ჩვენს სათადარიგო შემადგენლობას, მესამე მოწინააღმდეგის ვინაობას კი მალე დავადგენთ.
- უმაღლესი ლიგის გუნდია?
- როგორც გვითხრეს, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეა. ნიგერიაში ჩვენი პარტნიორი ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიაა და მისმა პრეზიდენტმა დაგვაკავშირა. მართალია, პარტნიორობაზე არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია, მაგრამ თანამშრომლობისთვის პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.
- როდის ჩამოდიან და რამდენი ფეხბურთელით?
- ეს ჯერ თავადაც არ იციან. არც ის ვიცით,ზუსტად, თუ როდის მოფრინავენ. აფრიკელებს დუბაიდან 11 იანვარს ველოდებით, მაგრამ მათი მოგზაურობა ყოველთვის სიურპრიზებთანაა დაკავშირებული.
- მაინც რა სიურპრიზებთან?
- მაგალითად, შარშან ხუთის ნაცვლად, ერთი ფეხბურთელი ჩამოვიდა და ასეთი რაღაცები. აფრიკელები ევროპაში სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, ხშირად აჩერებენ და აფერხებენ. ასე რომ, მთავარია, ჩვენამდე ჩამოაღწიონ და მერე გამოჩნდება, ჰყავთ თუ არა საინტერესო ფეხბურთელები. არადა, ზუსტი გრაფიკის შედგენა აუცილებელია, რადგან გუნდები საკონტროლო მატჩებს გეგმავენ.
- როგორც ვიცით, თურქეთში შეკრებაზე მიემგზავრებით. თქვენი გრაფიკი თუ არის გარკვეული? საკონტროლო შეხვედრებს ვგულისხმობთ?
- 13 იანვარს თბილისის �დინამო� შევხვდებით და შეკრებაზე მერე გავემგზავრებით. თურქეთში მეორე შეკრებას 15 იანვრიდან დავიწყებთ და იქ ორი კვირა გავჩერდებით. თამაშების გრაფიკი ჯერ არ შეცვლილა - 20 იანვარს აზერბაიჯანულ �გაბალას� ვეთამაშებით, 23 იანვარს - კიევის �ობოლონს�, 26 იანვარს - ყაზახურ �ტობოლს�, ხოლო 29 იანვარს - კიდევ ერთ უკრაინულ გუნდ �მარიუპოლს�.
- გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია უკვე ცნობილია?
- ამას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, რადგან, შესაძლოა, ორიოდე ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ.

No comments:
Post a Comment