
�კარლსრუე� და მისი კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი ბუნდესლიგაში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. თუმცა სეზონის მეორე ნახევრის წინ ცხრილში არცთუ სახარბიელო პოზიცია უკავიათ. იაშვილის გუნდი მე-8 ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსნებს - ბილეფელდის �არმინიასა� და დიუსელდორფის �ფორტუნას�.
სეზონის განვლილი პერიოდის შეფასება, გეგმები, ეროვნული ნაკრები და მისი ახალი თავკაცი თემურ ქეცბაია... ალექსანდრე იაშვილს ამ და სხვა საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ...
- ჩვენი მიზანი ბუნდესლიგაში დაბრუნებაა და აქედან გამომდინარე, კმაყოფილი ვერ ვიქნები იმ შედეგებით, რომელიც გუნდმა ზამთრის პაუზამდე აჩვენა, - თქვა იაშვილმა პირველი წრის შეფასებისას, - ბოლო 4 ტურიდან სამი მოვიგეთ და ცხრილში პოზიციები გავიუმჯობესეთ, თორემ... ამჟამად მე-8 ადგილზე ვართ და 6 ქულით ჩამოვრჩებით იმ გუნდებს, რომლებიც ბუნდესლიგაში გადამსვლელი მე-3 საგზურისთვის იბრძვიან. 6 ქულა მცირედი სხვაობა ნამდვილად არაა, მაგრამ არც იმდენია, დაუძლეველ ბარიერად რომ მივიჩნიოთ.
- საკუთარი თამაშით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ...
- 14 შეხვედრაში ვითამაშე და 5 გოლი გავიტანე, აქედან ერთხელ დუბლი შევასრულე. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. საკუთარი თამაშის შეფასება ყოველთვის მიჭირს. ურიგო არ ყოფილა, კარგი იყო, მაგრამ უფრო მეტიც შემიძლია.
- რამდენად ძლიერი შემადგენლობა გყავთ საიმისოდ, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის რეალურად იბრძოლოთ და საამისოდ უკეთესი პოზიციები გქონდეთ?
- მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს. ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს გამოცდილება აკლია... გარდა ამისა, მიმდინარე სეზონის წინ არაერთი ახალი ფეხბურთელი დაგვემატა და გუნდი უკეთესად რომ ყოფილიყო შეთამაშებული, უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით.
- რამდენადაც ვიცი, სხვადასხვა პოზიციაზე გიწევდათ თამაში...
- კი, თავდამსხმელების უკანაც ბევრი მატჩი ჩავატარე და უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზეც არაერთხელ ვითამაშე. ჩვენი გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შემტევი სტილის ფეხბურთელებს ჩვენი იერიშისას სრული თავისუფლება გვაქვს. შესაბამისად, იმპროვიზაციისთვისაც მეტი საშუალება გვეძლევა. ამ თავისუფლებას ვიყენებთ კიდეც.
- ცხრილში თქვენ წინ კიდევ 7 გუნდია. ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- ცხრილის სათავეში �კაიზერსლაუტერნი� და �ზანქტ პაული� არიან და ამ გუნდებს საკმაოდ ჩამოვრჩებით. ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, მომდევნო 5 გუნდია ჩვენი მთავარი კონკურენტი, მაგრამ წინ კიდევ მთელი მეორე წრეა, 17 ტური და ძნელია რაიმეს თქმა... სეზონი �მიუნხენმა� ჩინებულად დაიწყო, მაგრამ მერე ქულები დაკარგა და ამჟამად ცხრილში ჩვენ ქვემოთაა. ზამთრის პაუზისას ტრანსფერებით ზოგი გუნდი გაძლიერდება, ზოგიც შესუსტდება და ვნახოთ...
- ალბათ, თქვენი გუნდიც გაძლიერდება...
- კი, ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა და ვნახოთ...
- გუნდში მეორე ქართველიც ხომ არ შეგემატებათ?
- არ ვიცი, მსგავსი არაფერი მსმენია...
- დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, დავით თარგამაძე დაგემატოთ...
- პირველად მესმის, ასეთი ჩანაფიქრი რომ იყოს, აქამდე გავიგებდი, აზრსაც მკითხავდნენ... დათო თარგამაძის თამაში ვიცი და ჩვენს გუნდში თუ გადმოვა, ამას რა აჯობებს. ის კარგი ნახევარმცველია და ასეთი ფეხბურთელის საჭიროება გუნდებში ყოველთვისაა. ამ მხრივ არც �კარლსრუეა� გამონაკლისი, მაგრამ მის ტრანსფერზე ჩვენთან ჯერჯერობით არაფერი თქმულა.
- ახლა სანაკრებო თემაზე ვისაუბროთ. ეროვნული გუნდისთვის განვლილი წელიწადიც წარუმატებელი იყო. როგორ ფიქრობთ, ეს რით იყო განპირობებული?
- მიზეზი არაერთი იყო. პრესას თვალს ვადევნებ, ქართულ ტელეარხებზეც ხშირად ვუსმენ საფეხბურთო გადაცემებს და წარუმატებლობის მიზეზებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ახლა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოლოდინი, რომელიც ხალხში კიდევ ერთხელ გაჩნდა, ამჯერად მაინც უნდა გავამართლოთ, იმედი არ უნდა გავუცრუოთ. ნაკრების თავკაცად თემურ ქეცბაიას დანიშვნამ გააჩინა ეს მოლოდინი და გულშემატკივარი ამჯერად მაინც უნდა გავახაროთ.
- თემურზე, როგორც ნაკრების ახალ თავკაცზე, რას იტყოდით?
- თემურ ქეცბაია ფეხბურთელობისას ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. ის ჟინით, მონდომებით, სამართლიანობით, ბრძოლისუნარიანობით, პროფესიონალიზმით და კიდევ სხვა არაერთი დადებითი თვისებით გამოირჩეოდა. ქეცბაია მწვრთნელის რანგშიც გამორჩეულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან დაიმსახურა ნაკრების მწვრთნელობა. მჯერა, თემურს ეროვნულ გუნდშიც წარმატებები ექნება და საამისოდ მას ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ.
- როგორც გავიგე, თემურ ქეცბაია თბილისში ნახეთ და ესაუბრეთ კიდეც...
- კი, მცირე ხნით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი... ეს იყო და ეს.
- ქეცბაია ეროვნული გუნდის წევრ-კანდიდატებთან პირისპირ საუბარს გეგმავს...
- მან კარგად იცის თავისი საქმე. ვფიქრობ, ასეთი საუბრები საქმეს წაადგება. ამჯერად კი ჩვენ ერთმანეთი მხოლოდ მოვიკითხეთ. საქმიანი საუბარი არ გვქონია. როგორც თემურმა მითხრა, იანვრის შუა რიცხვებში თურქეთში აპირებს ჩასვლას და ალბათ, იქ იქნება ასეთი შეხვედრები.
- გულშემატკივარს იმედი არ უნდა გავუცრუოთო, თქვით და ცხადია, ქეცბაიას მიზანიც ეს არის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრებში მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტია. ამ კონტინგენტით შეძლებს ქეცბაია გულშემატკივრის გახარებას?
- კარგად მახსოვს ეროვნულ გუნდში ჩემი პირველი ნაბიჯები. მაშინ ნაკრებში ისეთი კონკურენცია იყო, რომ ჩემთან ერთად სათადარიგოთა სკამზე არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი დემეტრაძე და კიდევ სხვები ისხდნენ. წარმოიდგინეთ, ასეთი ხალხი ახლაც რომ გვყავდეს... თაობათა ცვლა კიდევ ერთხელ მოხდა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჭაბუკთა შორის ტალანტებიც გამოჩნდნენ - ჯერ ლევან ყენია, მერე ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია... სხვებიც არიან... მჯერა, 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ელიტრაუნდში გავიდა, იქაც იქნებიან ტალანტები. თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელებიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს ფეხბურთს არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ ასათიანი, ამისულაშვილი, მუჯირი, მენთეშაშვილი და ის ფეხბურთელები არ გამოვიყენოთ, რომლებსაც სანაკრებო დონეზე თამაში კვლავაც შეუძლიათ. ასე რომ, თაობათა ცვლის მიუხედავად, სანაკრებო კადრები არის, სწორი მუშაობაა საჭირო და მჯერა, თემურ ქეცბაია და ჩვენ, ნაკრების ფეხბურთელები, ხალხს კვლავაც არაერთხელ გავახარებთ.

No comments:
Post a Comment